ბავშვი 1 წლისა და 11 თვის ასაკშირამდენიმე თვეა, თქვენი შვილი დამოუკიდებლად დადის, დარბის, სხვადასხვა ნივთზე აძრომასაც ახერხებს, მაგრამ უცებ ის ფეხებში სისუსტეს გრძნობს და ხელში აყვანას ითხოვს. მაშ, რა ხდება? თქვენი ბუთხუზას სიარული ან სირბილი კი არ დავიწყებია; უბრალოდ, იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც დამოუკიდებლობა და მოძრაობა მისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. ჯერ ერთი, სიარული თითქოს უკვე მის მოვალეობად ითვლება და მოცემულ მომენტში, ქვეცნობიერად, მასზე დაკისრებულ პირველ მოვალეობას აპროტესტებს. მეორეც, შესაძლოა, ბავშვს მაინცდამაინც არც მოსწონდეს ახლახან აღმოჩენილი დამოუკიდებლობის განცდა და უჩნდება სურვილი, ვინმემ მხარი დაუჭიროს, თავი უფრო დაცულად იგრძნოს.