ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც იგი რამდენიმე თვეა, დადის და გაცილებით უკეთ დგას ფეხზე; უკვე იშვიათად ვარდება, სიარულის დროს შეუძლია სათამაშოს ხელში დაკავება, მისით გართობა და რაც მთავარია, დამოუკიდებლად ინარჩუნებს წონასწორობას. ამ ასაკის ბავშვები სიხარულს ვერ ფარავენ, როდესაც ძვრებიან კიბეზე, ოთახში მდგარ ავეჯზე ან რაიმე ნივთზე და მოკლედ – ყველგან, სადაც მოახერხებენ. თქვენს პატარა კლდემსვლელს ნუ მოაკლებთ ამ სიხარულს; მიეცით მეტი მოძრაობის საშუალება, ოღონდ, რა თქმა უნდა, აუცილებელია მისი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფა. ასეთი პრაქტიკა, ამ მცდელობათა ხშირი გამეორება ჩვილებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი განიმტკიცებენ ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ჩვევებს.