ფიზიკური განვითარება

ამ ასაკის ბავშვს ძალიან უყვარს სხვადასხვა საგნების მოგროვება, მათი შესწავლა და კბილებით მოსინჯვა. განსაკუთრებით საყვარელი საქმიანობაა კარადის ქვედა თაროების დათვალიერება, იქიდან ჭურჭლის, ტანსაცმლისა და ნებისმიერი სხვა საგნის გადმოყრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვს თავისუფლად შეუძლია ყველაფრის თავის ადგილზე დადება, ამას არაფერით არ გააკეთებს, პირიქით, გააპროტესტებს, თუკი თქვენ დაიწყებთ გადმოყრილი საგნების დალაგებას. რა თქმა უნდა თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ეს სრული უწესრიგობაა – ბოლოს და ბოლოს რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე ნივთის თავის ადგილზე დადება? მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბავშვისათვის ასეთი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია – მას უვითარდება ახალი მოძრაობითი ჩვევები, უმაგრდება ხელის კუნთები. ძალიან მალე ეს ხელები ისწავლიან ჰაეროვანი კოცნის გამოგზავნას, ხელის დაქნევას გამოსამშვიდობებლად და ა. შ. >>>>